თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები დელფინების სიკვდილთან დაკავშირებით კომპლექსურ კვლევებს აწარმოებენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში დელფინების სიკვდილისა და ნაპირზე გამორიყვის ფაქტები ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში.
ნაპირზე გამორიყულ დელფინებს, ძირითადად, მექანიკური დაზიანებები აღენიშნებათ, რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალებებთან შეჯახებას ან თევზსაჭერ ბადესთან.
დელფინების გამორიყვის ფაქტები სხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება. ამის მიზეზი სხვადასხვა ფაქტორია, მათ შორის ვირუსული დაავადებები და წყლის დაბინძურება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, მოერიდონ გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვართან კონტაქტს. მსგავსი შემთხვევის აღმოჩენისას კი დარეკონ ცხელ ხაზზე – 153.
დელფინების გუნდი ფოთის სანაპიროზე – ულამაზესი ვიდეო>>
ზღვის ძუძუმწოვართა დაღუპვის ოთხი ძირითადი მიზეზი არსებობს. პირველი — ბიოლოგიური სიკვდილი, როდესაც ძუძუმწოვრები ბუნებრივი სიკვდილით იღუპებიან. მეორე — პათოლოგიები, რომლებიც დაავადებებსა და ინფექციებს უკავშირდება. მესამე — სანავიგაციო ტრავმა, როდესაც ისინი გემებს, კატარღებს ეჯახებიან და კვდებიან, და მეოთხე მიზეზი — თევზსაჭერ ბადეებში მოხვედრა.