საშტორმო გაფრთხილება – შავ ზღვაში შესვლა იკრძალება

შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე თეთრი ალმები აღიმართება.
Sputnik

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. დღეს შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე 3-დან 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია, სანაპირო ზოლზე გამოფენილია წითელი ალმები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს მოუწოდებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, ასევე არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ.

უწყების ცნობით, ადგილზე მყოფი მაშველები დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ და სიტუაციას აკონტროლებენ.

შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები.