სამსონ ხონელი
ყურადღება, ბატონებო, სმენა იყოს და გაგონება!.. კი, მაგრამ, ასეთი რა ხდება?! − ვიცი, ჩამეძიება მკითხველი. კალენდარში ცვლილებაა, ორშაბათის ნაცვლად „მძიმე დღეა“ სამშაბათი... თავად განსაჯეთ, სწორედ სამშაბათს გავიგე უხიაგი ამბავი. სამსახურიდან რამდენიმე ჟურნალისტი გაუთავისუფლებიათ. დარწმუნებული ვარ, რომ მკითხველმა კონკრეტული დეტალები იცის და, შესაბამისად, არ ველოდები რეპლიკას − ვინ და საიდან? „რუსთავი 2“-ის მაყურებელი დიდი ხანია აღარ ვარ, მიუხედავად ამისა, ცნობისმოყვარეობამ მძლია და საღამოს 21:00 საათზე „კურიერის“ საყურებლად სავარძელში მოვკალათდი. როგორც იტყვიან, გაღიმებული დავრჩი, როცა დღის ამბების ნაცვლად ტელეკომპანიიდან წასვლის თაობაზე წამყვანების მონოლოგი მოვისმინე...
შეფასებისგან მაქსიმალურად თავს შევიკავებ, კოლეგიალობა არ მაძლევს გასაქანს. თუმცა კი ერთს ვიტყვი, მოულოდნელი არ ყოფილა, განცდა მაქვს, რომ დემარშისთვის ემზადებოდნენ. არც ემოციური ფონი გამკვირვებია. სამაუწყებლო კომპანიიდან ბევრი წავიდა და, როგორც თავად წასულები ამბობენ, ბევრიც წავა. ყველას გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ. ვიცი, არ დაიკარგებიან, ყოველ მათგანს ახლად დაარსებულ „მთავარ არხზე“ ელოდებიან. მეტიც, ყოფილი გენერალური დირექტორი აკი ბრძანებდა, რომ ახალ რეალობაში იქ დარჩენა არის ღალატი არა ვინმესი, არამედ ქვეყნის ინტერესების. უცხო არც ის იყო, როცა არხიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ერთი ნაწილი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა. ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა არხის საინფორმაციო სამსახურის შესაძლო ხელმძღვანელის ნინო შუბლაძის მიერ წარსულში ამავე პოსტზე ჩადენილი ძველი „ცოდვები“ გაიხსენა, დაგვპირდა, რომ ბევრსაც მომავალში გვეტყვის... ერთი სიტყვით, ისეთი პირი უჩანს, რომ „ქოხიდან ნაგვის გატანას“ არ ითაკილებს და ჩვენც სანახაობა არ მოგვაკლდება. რა იქნება ხვალ? პასუხი კითხვაზე მომავალს მივანდოთ და მანამდე აწმყოს დავუბრუნდეთ...
ოთხშაბათ დღეს არჩევანი კვლავაც „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პროგრამის სასარგებლოდ გავაკეთე, მაგრამ „კურიერი“ დილით და ნაშუადღევს ეთერში აღარ გასულა. არ გამიმართლა. ის იყო პულტი მოვიმარჯვე, ტელეფონმა დარეკა... მეგობარი მირეკავდა.
− უყურე? − მკითხა ლაკონურად, ხმის ამოღება არ მაცალა და განაგრძო, − ახლა რაღა ვქნათ?
− დამცინი?! რა უნდა ვქნათ? – მივუგე პასუხად. არ ვიცოდი, თურმე წინ კიდევ ერთი მონოლოგი მელოდა.
− ჩემი მოკრძალებული აზრით, უნდა ავიღოთ ბრიტანული ან გერმანული ან ფრანგული ან ბელგიური, ერთი სიტყვით, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ და ქართულად ვთარგმნოთ. ჩვენშიც კანონით დაწესდება თავისუფალი, პასუხისმგებელი და დაბალანსებული მედიის სტანდარტი, რომელსაც ევროპაში მკაცრად აკონტროლებს იქაური „კომუნიკაციების კომისია“...
− ამით რა შეიცვლება? − ვკითხე მეგობარს, შევატყვე, ნაფიქრალი ჰქონდა.
− ვეღარავინ იტყვის: „როგორც ამბობენ, კულტურის მინისტრმა ვალერი ასათიანმა ავადმყოფი შვილის გადასარჩენად რიტუალური მკვლელობა ჩაიდინაოოო...“ ან „ამბობენ, ბადენ-ბადენში ედუარდ შევარდნაძეს ვილა აქვს, რომელიც მოპარული ფულით შეიძინაოოოო“...
− რატომ უნდა ვთარგმნოთ, ეგება ჩვენით დავწეროთ, რა გვიშლის ხელს? ხომ იცი, ნათქვამია, უცხო ქვეყნიდან შემოტანილი კანონი სხვის ტანზე შეკერილ ჩოხასა ჰგავსო, − ჩავეძიე მეგობარს.
− არა, არა! ახლა თვითშემოქმედების დრო არ არის. არა მხოლოდ უნდა ვთარგმნოთ ეს კანონი, არამედ მივიღოთ კიდეც. მაგრამ მაშინვე 100 პროცენტით გავათავისუფლოთ ტელევიზიები გადასახადებისგან, რომ არ იყონ იძულებული სკანდალით მოიზიდონ მაყურებელი, ესე იგი რეკლამა, ესე იგი საარსებო სახსრები...
− თუ გინდა, ნუ გავათავისუფლებთ, მაინც არ იხდიან. ბიუჯეტის წინაშე სამი ტელევიზიის – „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამური დავალიანება 57 მილიონ ლარს შეადგენს და, ისეთი პირი უჩანს, გასტუმრებას არავინ აპირებს, − შემოვიფარგლე მცირე რეპლიკით, თუმცა ის უპასუხოდ დარჩა. მეგობარი თავის ჩვენებას მიაწვა...
− უმალ შემოვიღოთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მეპატრონეების, მით უმეტეს, პოლიტიკოსების მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ტენდენციური ჩარევისათვის. ეს ეხება როგორც პროსამთავრობო, ისე ანტისამთავრობო ნარატივს... ეს ვალდებულება უნდა გაიწეროს სისხლის სამართლის კოდექსის საგანგებო მუხლში, ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთით და განიხილებოდეს როგორც უმაღლესი თანამდებობის პირთა იმპიჩმენტის ან იმუნიტეტის მოხსნის საფუძველი. ბიზნესმენებისთვის კი დაწესდეს დიდი ჯარიმა. დავავალდებულოთ კანონით მედიამფლობელები, რედაქციასთან და ჟურნალისტებთან გააფორმონ მყარი, სამი ან ხუთწლიანი კონტრაქტები. ერთი სიტყვით, დაწესდეს, ბოლოს და ბოლოს, „თამაშის წესები“ ამ სფეროში, რომელიც დღეს არ არსებობს! − დამაჯერებელი ტონით დაასრულა მეგობარმა.
− შენ, აღარ ხუმრობ, ძმისგულო, ეს ხომ ის არის, რაც ბიძინას უნდა? − ავიტაცე სიტყვა და კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ვინ მაცალა.
− არა, ბოდიში, მაგრამ ეს იდიოტური არგუმენტი „შენ რასაც ამბობ, ეგ არის სწორედ რაც ბიძინას აწყობს“ – არ მიიღება! სულ მკიდია რა აწყობს ან არ აწყობს ბიძინას (სტილი დაცულია). მე ვიცი, რომ თავისუფალი და პასუხისმგებელი მედიასტანდარტის კანონით დაწესების გარეშე ერთი მარაზმი ამ ქვეყანაში მუდამ შეიცვლება მეორე მარაზმით და მერე ვიძახებთ – უი, ეგ სწორედ ის ქიბარ ხალვაში არ არის, 2006 წელს რომ შემოვარდა ნიუსრუმში ბღავილით, ახლა დამირეკეს „ზემოდანო“, როგორ გაბედეთ სალომეს პირდაპირი ჩართვა, სადაა კაბელი, უნდა გამოვრთოო...
ზუსტად ის ქიბარ ხალვაშია, რადგან „ის“ არ იცვლება. მაგრამ არც ქართველ პოლიტიკოსთა არამზადული და მგლური ბუნება არ შეიცვლება არასდროს და როგორც კი თვითონ მოვლენ ხელისუფლებაში, როგორც კი თავად გაინაღდებენ ძალაუფლებას, გამეორდება 2004 წლის გაზაფხული, როცა ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მედიამფლობელებთან კულუარული მოლაპარაკების შედეგად სამივე მთავარ არხზე ყველა თოქ-შოუ ერთდროულად დაიხურა. მაშინ ხელისუფლებამ ძალიან გაიკვირვა, აბა ჩვენ რა შუაში ვართ, თუ მედიამ პოლიტიკური ტემპერატურის „დაწევა“ გადაწყვიტაო. გესმის? თურმე მაშინ ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, გადაცემები დაეხურათ პოლიტიკური ტემპერატურის დასაწევად. ჰოდა, მაშინ ახლაც რა შუაში არიან, თუ ქიბარ ხალვაშმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა ჟურნალისტების გაშვება? − ტონი მკაცრი იყო, ჩემმა წინა რეპლიკამ აშკარად გააბრაზა მეგობარი.
ბევრი ვისაუბრეთ და ჩვენი თავისუფალი მედიის თითქმის ოცდაათწლიანი ისტორიიდან მრავალი „საამაყო“ ეპიზოდი გავიხსენეთ. ბოლოს შევთანხმდით, რომ კი, ბატონო, ეს „უკვე იყო“ და ახლა დავანებოთ თავი, წინ მომავლისკენ გავიხედოთ.
− კაცობრიობის ისტორიას არაფერი იმაზე უკეთესი არ მოუგონია, ვიდრე არის კანონი!!! მორჩა, წერტილი, − მითხრა მეგობარმა და დამემშვიდობა. ასე გასრულდა ორი მეგობრის გასაუბრება. მე ის საინტერესოდ მეჩვენა და თქვენც გაგიზიარეთ... ბოდიში მეგობართან, მისთვის წინასწარ არაფერი მითქვამს. ზოგჯერ ხომ ასეც ხდება?..