„ორი ახალგაზრდა გოგონა კომაშია...“ – ნარკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

ორი დღის წინ ბათუმის ერთ-ერთი კლუბიდან კლინიკა „მედ ცენტრში“ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 22 წლის ვაჟი შეიყვანეს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალური ქსელის საშუალებით ახალგაზრდებს აფრთხილებს და მოუწოდებს, არ მიიღონ უცნობი ნივთიერება, რადგან ეს შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - ვიდეო

ზურაბ სიხარულიძე წუხს, რომ საზოგადოება ამ პრობლემას ყურადღებას არ აქცევს. 

„დილით გავხსენი „ფეისბუქი“ და ამომივარდა – 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა ღამის კლუბში ბათუმში. 2 ახალგაზრდა გოგონა კომაშია და რამდენიმე მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს კლინიკაში. გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს, არ მიიღოთ ნივთიერება, რომელიც არ იცით რა არის. წუთიერი „გართობა“ სიკვდილით სრულდება“, – წერს სიხარულიძე.

ორი დღის წინ ბათუმის ერთ-ერთი კლუბიდან კლინიკა „მედ ცენტრში“კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 22 წლის ვაჟი შეიყვანეს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. ახალგაზრდას სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი პროცედურები ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

ნარკოტიკების გასაღება „ტელეგრამის" საშუალებით: დაკავებულია სამი პირი

კლინიკაში ახალგაზრდა ვაჟთან ერთად ორი გოგონაც შეიყვანეს. ისინი უგონო მდგომარეობაში იყვნენ. კლინიკის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

წყაროს თქმით, კლუბში ახალგაზრდები ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, რომლებიც გვიან ღამით შეუძლოდ გახდნენ. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ამავე კლუბში პირველი არ არის.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.