რთველი 2019: კახეთში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

ჩაბარებული ყურძნის რაოდენობა ერთი ჰექტარიდან ათ ტონას არ უნდა აღემატებოდეს.
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. „რთველი 2019“-ის საკოორდინაციო შტაბმა კახეთში მუშაობა დაიწყო, იუწყება პირველი არხი.

საქართველოს ზოგიერთ რაიონში რთველი უკვე დაიწყო. წელს კახეთში 250 ათასამდე ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

მევენახეები კადასტრის ამონაწერის გარეშე ყურძენს ვერ ჩააბარებენ>>

საკოორდინაციო შტაბის ძირითადი ფუნქციაა ყურძნის ორგანიზებული ჩაბარების უზრუნველყოფა და მისი აღრიცხვა. შტაბში დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ ღვინის მწარმოებელს. მან უნდა მიუთითოს ყურძნის რაოდენობა და მისი ყიდვის სასურველი ფასი. ამის შემდეგ მევენახე, რომელსაც ყურძნის ჩაბარება სურს, მიმართავს შტაბს და ეძებს კომპანიას, რომელიც მისთვის მისაღებ ფასად ჩაიბარებს მოსავალს.

„შტაბიდან თითო ღვინის ქარხანაზე 4-5 ადამიანი იქნება მიმაგრებული როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონული ორგანიზაციიდან, და ჩვენი სამინისტროს წარმომადგენელი, რომ ლოგისტიკა განხორციელდეს მობილურად და მოქნილად. ვფიქრობ, პროცესები პოზიტიურად წავა", – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.

რთველი 2019-ის მოლოდინში: იქნება ბევრი ყურძენი და ნაკლები ღვინო

წელს პირველად „ქინძმარაულისა" და „მუკუზანის" ადგილწარმოშობის ზონაში მოყვანილი ყურძნის ჩაბარება–გადამუშავებას კადასტრის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებული ფერმერები შეძლებენ. ამონაწერის გაცემა უფასოა.

კადასტრიდან ამონაწერის დასამოწმებლად ფერმერებმა შესაბამის სამსახურებს 1 სექტემბრამდე უნდა მიმართონ. ისინი განთავსებულია ყვარლისა და გურჯაანის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში, ასევე სოფლებში: ველისციხე, კალაური, ვაჩნაძიანი, ჩუმლაყი, ვაზისუბანი, ახაშენი, მუკუზანი, შაშიანი.

ასევე შეიქმნა კადასტრის მობილური ჯგუფი, რომელიც გურჯაანისა და ყვარლის რაიონების სოფლებში გადაადგილდება.

ჩაბარებული ყურძნის რაოდენობა ერთი ჰექტარიდან ათ ტონას არ უნდა აღემატებოდეს. ათ ტონაზე მეტი ყურძენი შეფასდება, როგორც მაღალი ხარისხის ღვინის მასალა.