ერეკლე კოდუას დედას 500 ათასი ლარის გირაო შეეფარდა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბიზნესმენს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ერეკლე კოდუას დედას, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბიზნესმენს ბრალი გუშინ წაუყენეს, მას სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 2,2 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებას ედავებიან.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიზნესმენს ასევე ეკრძალება საზღვრის გადაკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე.

პროკურატურამ სასამართლოს წინაშე ბრალდებულის მიმართ გირაოს ოდენობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული თანხა არის შემაკავებელი ბარიერი, რომ არ მოხდეს მოწმეზე ზემოქმედება, მტკიცებულებების განადგურება ან მიმალვა.

ერეკლე კოდუას დედა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

ბრალდების პოზიციას არ იზიარებს დაცვის მხარე და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა თავს დამნაშავედ არ ცნობს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს.

გამოძიების ინფორმაციით, ლაურა ღაჭავამ თავის კომპანიაში შექმნა რამდენიმემილიონიანი ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში. ეს მან სხვა ადამიანებთან ერთად საგადასახადო დეკლარაციაში ცრუ მონაცემების შეყვანით მოახერხა, გააფორმა ყალბი შეთანხმებები უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ და მანიპულირებდა არარსებული ოპერაციებით.

ხანძარი ლილოს ბაზრობაზე: ბაზრობის დირექტორს დივერსიისა არ სჯერა

სწორედ ამ ყალბი აქტივებით იფარებოდა კომპანიების მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო მოსაკრებლები.

ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს "ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადება ან შეძენას გასაღების ან გამოყენების მიზნით", დანაშაული ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.