უმნიშვნელოვანესი პროექტი: ვარკეთილში ახალი საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება

სპორტული კომპლექსი უზრუნველყოფილი იქნება შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი პლატფორმით, ღამის განათებით, გასახდელითა და სხვა საჭირო სივრცეებით.
Sputnik

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ვარკეთილში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო კომპლექსი მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერის ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ვარკეთილში 18 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცა იმ პირობით, რომ იქ აღნიშნულ პროექტს განახორციელებს.

ბატიაშვილი: თბილისში კიდევ ერთი სპორტის სასახლე აშენდება

პროექტის ფარგლებში მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი მოედანი. სტადიონი 300 მაყურებელზე იქნება გათვლილი და შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი პლატფორმით იქნება აღჭურვილი. სტადიონზე დამონტაჟდება ღამის განათება, მოეწყობა ტექნიკური შენობა გასახდელებით და სხვა საჭირო სივრცეებით; სტანდარტულ სტადიონთან ერთად ასევე აშენდება ხელოვნურსაფარიანი მინი-სტადიონი, განაცხადა კალაძემ.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ფიფას დახმარებით განხორციელდება და მისი საერთო ღირებულება ჯამში 2,1 მლნ ლარს შეადგენს.