„დროის დახარჯვა ღირს" - გაბრიაძის საათის კოშკი მსოფლიოს საუკეთესო საათების ნუსხაშია

გაბრიაძის ანგელოზიანი კოშკი არა მხოლოდ მარიონეტების თეატრის მშვენება, არამედ თბილისის სავიზიტო ბარათიცაა
Sputnik

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ამერიკულმა ტურისტულმა ინტერნეტგამოცემამ Atlas Оbscura გამოჩენილი ქართველი რეჟისორისა და მხატვრის, რეზო გაბრიაძის საათის კოშკი, რომელიც თბილისის მარიონეტების თეატრს ამშვენებს, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული არქიტექტურული საათის ძეგლების სიაში შეიტანა.

ინტერნეტჟურნალის რეიტინგი შეიქმნა მისი ხელმომწერების გამოკითხვის საფუძველზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ. გამოცემის მომხმარებლებმა თავიანთ შთაბეჭდილებებზე და იმ ორიგინალურ საათებზე ისაუბრეს, რომელთა დიზაინმა მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

დიდებული რეზო გაბრიაძე და მისი რვაჯერ მოპარული "ჩიჟიკ-პიჟიკის" ძეგლი

სტატიაში, სახელწოდებით „17 მონუმენტური საათი, რომელთა სანახავად დროის დახარჯვა ღირს", საუკეთესო ძეგლები მოხვდა.

„როდესაც 2016 წელს მშვენიერ ქვეყანაში, საქართველოში მოგზაურობისას თბილისის ქუჩებში ვსეირნობდით, გადავაწყდით უცნაურ და ლამაზ, ოდნავ დახრილ საათის კოშკს. საათში ერთხელ მოხატული კარებიდან გამოდის ანგელოზი და ზარს რეკავს. საათის ქვეშ მოთავსებულია პატარა თოჯინების თეატრი, რომელიც ცხოვრების წრებრუნვას ასახავს - ახალგაზრდა წყვილი, ქორწილი, შვილები და დაკრძალვა", - გადმოსცემს ჟურნალი თავისი გამომწერების მონათხრობს.

„დროის დახარჯვა ღირს" - გაბრიაძის საათის კოშკი მსოფლიოს საუკეთესო საათების ნუსხაშია

გაბრიაძის თბილისური შედევრის გარდა, Atlas Оbscura-ს სიაში მოხვდა ტოკიოს (იაპონია) The Giant Ghibli Clock, პაჩუკას (მექსიკა) Reloj Floral, ლიერეს (ბელგია)The Zimmer Clock Tower, კაგუასის (პუერტო-რიკო) Reloj Monumental და მსოფლიოს სხვა საათის კოშკები.

ანგელოზიანი კოშკის ისტორია

რეზო გაბრიაძემ თავის თეატრთან საათის კოშკი 2010 წელს ააგო. მართლაც, საათში ერთხელ მოხატული კარიდან გამოდის ოქროს ფრთებიანი ანგელოზი და პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს. დღეში ორჯერ - 12:00 საათსა და 19:00 საათზე - შესაძლებელია საოცარი თოჯინური წარმოდგენის – „ცხოვრების წრებრუნვის" ნახვა.

„დროის დახარჯვა ღირს" - გაბრიაძის საათის კოშკი მსოფლიოს საუკეთესო საათების ნუსხაშია

კოშკის ქვედა მხარეს ორი კერამიკული პანოა განთავსებული, რომლის შემადგენელი რამდენიმე ასეული ფილა რეზო გაბრიაძემ საკუთარი ხელით დაამზადა და მოხატა. იქვე, კოშკის სახურავზე ბროწეულის ხე იზრდება.

„კოშკის მშენებლობა რომ დავიწყე, თითქოს დამსვეს რაღაც მანქანაზე, რომელიც მოგზაურობს დროში. ასე აღმოვჩნდი სადღაც X-XIII საუკუნეში, შორეულ და ზღაპრულ ბიზანტიაში. კოშკი უნდა ჩაწერილიყო არსებულ დროსა და სივრცეში. ჩემი მაგიდა აივსო ორნამენტებით სავსე წიგნებით. იმ ორნამენტებით, რომლებიც ასე უხვად დაუტოვა ბიზანტიამ სამყაროს", - ასე აღწერს კოშკის შექმნის პროცესს რეზო გაბრიაძე.

დღეს ანგელოზიანი კოშკი არა მხოლოდ მარიონეტების თეატრის არაორდინარული მოსართავია, არამედ ორგანულად ერწყმის ძველი ქალაქის არქიტექტურას და თბილისის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათსაც წარმოადგენს.