მსოფლიო დღეს

ცნობილი გახდა უკრაინაში დაკავებული სამი ქართველი ექს-ჩინოვნიკის ვინაობა

სამივე ბრალდებული თავდაპირველად აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კი კერძო ბიზნესით იყვნენ დაკავებული.
Sputnik

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. უკრაინაში ბიზნესმენის ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული სამი ქართველი ყოფილი ჩინოვნიკის ვინაობა ცნობილია, იუწყება უკრაინული მასმედია. 

უკრაინაში ქართველი ექს-მაღალჩინოსნები დააკავეს: ყაჩაღობისა და დაკავების ამსახველი კადრები

გავრცელებული ინფორმაციით, ესენი არიან: საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი მირიან გოჩაძე, სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ხუციშვილი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელი თენგიზ ზანაძე, რომელიც ბოლო წელს შიდა ქართლის სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების სპეცდანიშნულების ცენტრის სამმართველოს მე-12 განყოფილების უფროს ინსპექტორად მუშაობდა.    

სამივე მათგანმა საქართველო 2012 წელს ხელისფლების შეცვლის შემდეგ დატოვა და უკრაინაში გადავიდა. თავდაპირველად ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდნენ, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კი კერძო ბიზნესით იყვნენ დაკავებული.

უკრაინის ეროვნული პოლიციის მონაცემებით, ბორისპოლის დაბა არტემოვკაში მცხოვრებ, საკუთარ სახლში მყოფ მეწარმესა და მის მეუღლეს სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს. ყაჩაღებმა მათ ძვირფასეულობა, დიდი რაოდენობით ფული და Lexus-ის მარკის ავტომობილი გასტაცეს.

სამართალდამცველებმა აეროპორტისკენ მიმავალი დამნაშავეები კიევი–ბორისპოლის ტრასაზე დააკავეს. მათ თან ჰქონდათ ნაძარცვით სავსე ჩემოდნები. ისინი სამშობლოში გამომგზავრებას აპირებდნენ.