თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. იმერეთში, სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სათაფლიაში სრულად განახლდა იურული პარკი და დამონტაჟდა დინოზავრების ახალი, თანამედროვე ინტერაქციული მულაჟები. ტერიტორიაზე დაწყებულია სასტუმროს რეაბილიტაცია, დამატებითი ტურისტული ბილიკების პროექტირება და იგეგმება მღვიმის განათების სისტემის შეცვლა.
პრომეთეს მღვიმეში კი უახლესი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე განათების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს.
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები კომპლექსური დაცული ტერიტორიაა. მისი საერთო ფართობი 504 ჰექტარზე მეტს შეადგენს და ბუნების 19 ძეგლს მოიცავს. სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეს ყოველწლიურად 270 ათასი ვიზიტორი სტუმრობს.