ორმხრივმა კომისიამ დავით-გარეჯში საველე სამუშაოები დაგეგმა

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე მუშაობა რვაწლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე წლის 23-24 მაისს განახლდა.
Sputnik

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივმა კომისიამ დავით-გარეჯში საველე სამუშაოები დაგეგმა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიების ექსპერტთა შორის სამუშაო შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში საკუთარი პოზიციები განიხილეს. 

რას ემსახურება დავით-გარეჯში დაწესებული შეზღუდვები: საგარეო უწყება განმარტებას აკეთებს

უწყების ცნობით, დაიგეგმა საველე სამუშაოები, კერძოდ, ერთობლივი აზომვები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე და მათი დათვალიერება. 19-23 აგვისტოს პერიოდში ექსპერტები ერთობლივად გაივლიან ცალკეულ მონაკვეთებს და დაგეგმავენ შემდეგ ეტაპზე დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების მონახულებას.

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე მუშაობა რვაწლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე წლის 23-24 მაისს განახლდა, ხოლო 30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დავით-გარეჯის მონასტრის მონაკვეთზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა. 

საიდან დაიწყო ყველაფერი

ვითარება დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ პერიოდულად იძაბება. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აპრილის ბოლოს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ სიტუაცია მაინც დაძაბული დარჩა. 

კონფლიქტი საზღვარზე: დავით-გარეჯიდან ხატები გაიტანეს

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე ერთობლივი კომისიის მუშაობის აღდგენისთანავე აზერბაიჯანულმა მხარემ დავით-გარეჯისკენ მიმავალი გზის მშენებლობა დაიწყო. მოლაპარაკებების მეორე დღეს სპეცტექნიკა შეაჩერეს, მაგრამ გზა პრაქტიკულად უკვე გაყვანილი იყო.

რამდენიმე დღის შემდეგ მომხდარით აღშფოთებულმა სასულიერო პირებმა, მრევლმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კომპლექსის ტერიტორიაზე ჩაატარეს აქცია-მსვლელობა ლოზუნგით „დავით-გარეჯი – საქართველოა“. აქციის მონაწილეები დაგეგმილზე ადრე დაიშალნენ, მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოუწოდა, არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს.

საქართველოს ხელისუფლებამ, თავის მხრივ, მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ემოციური შეფასებებისგან და ორი ქვეყნის ხელისუფლებებს მოლაპარაკებების მშვიდ გარემოში ჩატარების შესაძლებლობა მისცენ.

ამასთან, 14 ივლისს დავით-გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელ მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის კონფლიქტი მოხდა. ერთ-ერთი გიდის განცხადებით, კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ნებართვის გარეშე დაიწყეს სამონასტრო კომპლექსიდან ხატების გამოტანა. მოგვიანებით საქართველოს საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, სადაც ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმყოფებოდნენ, ადგილობრივები მივიდნენ და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც მცირე კონფლიქტი მოჰყვა.

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის ერთ-ერთ შეუთანხმებელ მონაკვეთზე მდებარეობს.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII–XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის – თამარ მეფე.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.