სალომე ზურაბიშვილი: გიორგი ანწუხელიძის მაგალითზე თაობები უნდა აღიზარდოს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2018 წელს თუშეთში უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა.
Sputnik

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. 24 წლის გმირი, რომელმაც სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა, მაგალითი, რომელზეც ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს“, –  წერს საქართველოს პრეზიდენტი.  

დღეს, 18 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე 35 წლის გახდებოდა. ის  უმცროსი სეჟანტის ჩინით მსახურობდა IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონში. დაიღუპა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, და უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. გარდა ამისა, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება. მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2018 წელს თუშეთში უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა.