გახარია - პრემიერად, ირაკლი ღარიბაშვილი - შს მინისტრად?

შესაძლოა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს
Sputnik

მედია ისევ სამთავრობო ცვლილებებზე ალაპარაკდა. ტვ "პირველის" ინფორმაციით, სექტემბრის დასაწყისში მოსალოდნელია სამთავრობო ცვლილებები.

ტელევიზიის წყაროს ინფორმაციით, მამუკა ბახტაძეს პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია შეცვლის, ხოლო გახარიას შს სამინისტროში - ირაკლი ღარიბაშვილი. ამავე წყაროს ცნობით, სექტემბერში მთავრობის შეცვლა დაკავშირებულია როგორც 2020-ის უმნიშვნელოვანეს საპარლამენტო არჩევნებთან, ასევე ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკურ პრობლემებთან.

რატომ აპირებს შემოდგომიდან ბიძინა ივანიშვილი გააქტიურებას

სხვათა შორის, სხვა წინა შემთხვევებისაგან განსხვავებით პრემიერმა ბახტაძემ გავრცელებული ხმები არ უარყო და თქვა, რომ სექტემბერში პარლამენტის წინაშე ახალი პროგრამით წარდგება და მთავრობის შემადგენლობაც შესაბამისი იქნება. ზოგადად საუბარი იყო ქართული ოცნების ახალ სამთვრობო პროგრამაზე და არა - მამუკა ბახტაძის ხედვებზე.

მეორე ვერსიით, რომელიც უფრო ექსპერტების სურვილი და ნატვრა გვგონია, პრემიერად თავად ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაა მოსალოდნელი.

პარლამენტს მთავრობის დასათხოვნად ორი რეალური მიზეზი აქვს ამ დროისათვის. პირველია პრემიერის ანგარიში პარლამენტში, რომელიც მართლაც სექტემბერშია დაგეგმილი და მეორე - ბიუჯეტის დამტკიცება.

ჟურნალისტი ელისო კილაძე წერს, რომ მასაც აქვს ინფორმაცია მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე, მაგრამ ღარიბაშვილის შს მინისტრად დაბრუნებაზე - არა. მისი თქმით, ამ ხმებს თავად ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა ავრცელებს და მას სხვა ინფორმაცია აქვს.

რატომ არ გადადგება გიორგი გახარია

გახარიას გაპრემიერებას საზოგადოებისათვის სილის გაწვნად აფასებენ ექსპერტები. წარმატებული შს მინისტრის ბიოგრაფიას 20 ივნისის მოვლენები აყენებს ჩრდილს.

რაღაც რომ უნდა შეიცვალოს, ფაქტია. თანაც, მინიმუმ დეკემბერში ოცნებას ახალი გუნდი ეყოლება, როგორც მთავრობაში, ისე პარლამენტში არჩევნებისათვის მოსამზადებლად.

რაც შეეხება სექტემბრის სამთავრობო ცვლილებებს, ვნახოთ. ნათქვამია, აღდგომა და ხვალეო. სექტემბერი სულ რაღაც ორ კვირაში დადგება და მის პირველ სამშაბათს პარლამენტიც ოფიციალურად განაახლებს მუშაობას.