სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 37 ობიექტი დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს აგრარულ ბაზრებს პერმანენტულად ამოწმებს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმის, ეტიკეტირების, შენახვის პირობებისა და ვადების დაცვის კუთხით.
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით აგრარული ბაზრები შეამოწმა და 37 ობიექტი დააჯარიმა, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.  
სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს აგრარულ ბაზრებს პერმანენტულად ამოწმებს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმის, ეტიკეტირების, შენახვის პირობებისა და ვადების დაცვის კუთხით. წელს სახელმწიფო კონტროლი, მათ შორის, ინსპექტირება და დოკუმენტური შემოწმება უკვე ასჯერ ჩატარდა.

უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა დარღვევისთვის 37-მდე ობიექტი დაჯარიმდა. მათგან შვიდ ბიზნესოპერატორს, კრიტიკული შეუსაბამობის გამო, საწარმოო პროცესი შეჩერებული ჰქონდა. თუმცა სააგენტოს მითითების შესრულების შემდეგ, მათ უკვე აღუდგათ საწარმოო პროცესი.