„ბავშვს მწერები ესეოდნენ": ოზურგეთში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

მიტოვებული ახალშობილი ოზურგეთელმა მედიკოსებმა და პოლიციამ სათხილეში იპოვეს.
Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა საკუთარ სათხილეში იმშობიარა და ახალშობილი მიატოვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალშობილს დედა საგულდაგულოდ მალავდა. ადგილობრივმა მედიკოსებმა და პოლიციამ მისი პოვნა ერთობლივი ძალებით შეძლეს და ის ოზურგეთის „მედალფას" სამშობიარო განყოფილებაში გადაიყვანეს.

ზუგდიდში ქუჩაში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

ჩვილის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მედიკოსებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ამ დროისთვის ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

მედიკოსების ინფორმაციით, ახალშობილის დედა, 31 წლის ოზურგეთელი ქალი, ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა საავადმყოფოში გამთენიისას, საშვილოსნოდან სისხლდენით შეიყვანეს.

ექიმებმა იეჭვეს, რომ ქალი ახალნამშობიარები იყო, თუმცა არაერთი კითხვის მიუხედავად, ის მომხდარს მალავდა. ექიმებმა სამართალდამცველები გამოიძახეს, რომლებმაც ქალბატონის საცხოვრებელი სახლის სათხილეში ახალშობილი იპოვეს.

როგორც ექიმები აცხადებენ, ადგილზე საშინელი სურათი დახვდათ, ახალშობილს მწერები და ჭიანჭველები ესეოდნენ.

მელოგინე ქალბატონი ამ დროისთვის ოზურგეთის „მედალფას" კლინიკის სამშობიარო განყოფილებაში იმყოფება.