საპროტესო აქცია ზესტაფონში: ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

აქციის მონაწილეების განცხადებით, გაფიცვებს არ შეწყვეტენ მანამ, სანამ მათი მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, მუშები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა, არ აქვთ საყოფაცხოვრებო პირობები, კომპანია კი ზეგანაკვეთური სამუშაოებისთვის თანხას არ უხდის.

ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

„დღეში 22 ლარს ვიღებთ. აქედან ნაწილი ტრანსპორტირებაში გვეხარჯება. მოვითხოვთ დამატებითი სამუშაოებისთვის თანხა გადაგვიხადონ. ამასთან, არაადამიანურ პირობებში ვმუშაობთ - სასადილო და აბაზანა არაა, წყალიც კი არ გვაქვს. ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ თარჯიმანი არ ჰყავთ და კომუნიკაციას ვერ ვამყარებთ. გვეჩხუბებიან, ხელშეკრულებებსაც არ გვაჩვენებენ, რომ ვიცოდეთ ჩვენი უფლებები", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გაფიცვებს არ შეწყვეტენ მანამ, სანამ მათი მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მუშების მოთხოვნები გასაცნობად კომპანიის ხელმძღვანელობას გადაეგზავნა და პასუხს თანამშრომლებს შემდეგ მიაწვდიან.

ავტობანის მშენებლობაზე სამუშაოებს ჩინეთის გვირაბების და ხიდების კომპანია China road and bridge construction აწარმოებს. სამუშაოები 2019 წელს დაიწყო.