შემოდგომაზე თბილისში ექვსი განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნება

თბილისში 180 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წელს დედაქალაქის საბავშვო ბაღებში 61 ათასზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. თბილისში მიმდინარე წლის შემოდგომაზე ექვსი განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნება, ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა კიდევ სამი ბაღი, რომელთა რემონტიც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ბაღების ავარიულ შენობებს გამაგრება-რეკონსტრუქცია უტარდება. მათგან შვიდი კაპიტალურად გამაგრდება, ორ შენობაში კი ავარიული ფლიგელების რეაბილიტაცია განხორციელდება.

ვინ მოამარაგებს საბავშვო ბაღებს პროდუქტებით: მერიამ ტენდერი გამოაცხადა

„ამჟამად თბილისში 9 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან ხუთს შემოდგომაზე ეტაპობრივად გავხსნით. ახალი შენობები აკმაყოფილებს იმ თანამედროვე სტანდარტებს, რაც სკოლამდელი განათლების დაწესებულებისთვისაა სავალდებულო - მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ბავშვთა უსაფრთხოება", - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ.

თბილისის N4, N170, N200, N100, N126, N150, N144, N55 და N2 საბავშვო ბაღების ავარიულობის შესახებ დასკვნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გასული წლის გაზაფხულზე დადო, რის შემდეგაც კრიტიკულ მდგომარეობაში არსებული შენობებიდან ბავშვები ახლომდებარე ბაღებში გადანაწილდნენ.

სააგენტოს გეგმის თანახმად, სექტემბერში გაიხსნება 100-ე, 170-ე, 200-ე, 150-ე, 126-ე, 144-ე საბავშვო ბაღები. რადგანაც მე-4 და 55-ე ბაღების შენობები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მათი რეკონსტრუქცია შედარებით გრძელვადიანი იქნება და ისინი მომავალი წლის გაზაფხულზე გაიხსნება. რაც შეეხება მე-2 ბაღის გახსნას, ის 2020 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

შენობების გამაგრების პარალელურად ასევე განახლდება საბავშვო ბაღების ეზოები, კერძოდ, შეიცვლება გზის საფარი და მოეწყობა სათამაშო მოედნები.

თბილისში 180 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წელს დედაქალაქის საბავშვო ბაღებში 61 ათასზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული.