გაფრთხილების მიუხედავად, თბილისელები კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარებით სარგებლობას აგრძელებენ
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისის ენერჯის" თანამშრომლებმა ივლისში ქსელიდან 2,7 ათასზე მეტი საშიში გაზდანადგარი ჩახსნეს, ნათქვამია კომპანიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
აღნიშნული დანადგარების დიდი ნაწილი ხელმეორედ ჩაიხსნა, რადგანაც კონკრეტულმა აბონენტებმა არ გაითვალისწინეს კომპანიის თანამშრომლების რეკომენდაციები და გაფრთხილებები და თვითნებურად დააერთეს ქსელს.
„კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ: კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზდანადგარები, განსაკუთრებით ღია წვის კამერიანი გამათბობლები საფრთხეს უქმნის როგორც თქვენი ოჯახების წევრების, ისე მეზობლების სიცოცხლეს", - აღნიშნულია განცხადებაში..
კომპანიამ მადლობა გადაუხადა აბონენტებს, რომლებმაც სპეციალისტების რჩევები გაითვალისწინეს, შეცვალეს ან შეამოწმეს შიდა კომუნიკაციები და გაზდანადგარები.
ივლისის მონაცემების თანახმად, უსაფრთხოების დარღვევის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა ისანი-ვაზისუბნის რაიონში, ყველაზე ნაკლები კი მთაწმინდის რაიონში.
თბილისის რაიონი | ჩახსნილი გაზდანადგარების რაოდენობა |
ისანი-ვაზისუბანი | 557 |
სანზონა | 332 |
ჩუღურეთი | 277 |
სამგორი | 276 |
წყნეთი | 257 |
გლდანი | 197 |
კრწანისი | 184 |
საბურთალო | 174 |
ნაძალადევი | 171 |
ნუცუბიძე | 93 |
დიდუბე | 65 |
დიღომი | 51 |
ვაკე | 40 |
მთაწმინდა | 28 |
სულ | 2702 |
გაზდანადგარების ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური 2019 წლის დასაწყისში გახდა, როდესაც თბილისში ადამიანების დაღუპვის ფაქტები გახშირდა.
მიმდინარე წლის იანვრის შუა რიცხვებში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დიდ დიღომში მრავალსართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა, დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. 31 იანვარს ისანში მხუთავი აირით გამოწვეული ინტოქსიკაციით შვიდი ადამიანი დაიღუპა.
2019 წლის ბოლომდე აუცილებელი გახდება ბინებში ბუნებრივი აირის გაჟონვის დეტექტორების დამონტაჟება.