რამდენი ნარკოტიკი ამოიღეს წლის დასაწყისიდან საქართველოში

შსს–ს მონაცემებით, მძიმე ნარკოტიკები საქართველოში აღმოსავლეთიდან ხვდება
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო  – Sputnik. ქართველმა პოლიციელებმა ამა წლის 1 იანვრიდან 14 აგვისტომდე ამოიღეს 22 კილოგრამი ჰეროინი, დაახლოებით 2 კილოგრამი კოკაინი, 3,5 ათასი აბი ექსტაზი და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამას გარდა, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ასევე ამოღებულია 8,5 ათასი აბი „სუბუტექსი“ და სუბოქსინი, დაახლოებით 9 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 950 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

შსს–ს მონაცემებით, მძიმე ნარკოტიკები საქართველოში აღმოსავლეთიდან, „ორთაჭალის არხით“ შემოდის. მეორე არხია ინტერნეტი, ხოლო მესამე – ევროპა, საიდანაც ე. წ. კლუბური ნარკოტიკები შემოდის.

შსს–მ ოთხშაბათს ასევე განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავა. მათ შორის ორი ნარკორეალიზატორია. ნარკოტიკის გასაღება საქართველოში სასჯელის სახით ითვალისწინებს რვიდან ოც წლამდე პატიმრობას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.