თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. კომპანია „კულას” დირექტორი ივანე გოგლიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომპანიის პროდუქციაში, კერძოდ, წითელი ტყემლის საწებელში, არასაკვები საღებავი აღმოჩნდა, იუწყება „პირველი არხი“.
მანამდე ვებგვერდზე momxmarebeli.ge გამოქვეყნდა კვლევა, რომლის ავტორების განცხადებითაც, „კულას“ რამდენიმე პროდუქტში „სუდან ერთის“ შემცველობა გამოვლინდა, რომელიც პროდუქციას მოწითალო შეფერილობას აძლევს. კვლევაში ნათქვამია, რომ გამოკვლეულ ნიმუშებში არასაკვები საღებავები მცირე ოდენობით დაფიქსირდა, მაგრამ მათი სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისთვის საშიშია და ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას, ან გენების გადაგვარებას.
„ნებისმიერ მაღაზიაში შეუძლიათ მივიდნენ, აიღონ ნიმუში, დავლუქავთ და შეამოწმონ, მაგრამ საერთოდ არ ვიყენებთ საღებავს. მით უმეტეს, საუბარია ისეთ პროდუქციაზე, რომელიც წითელი ფერისაა და არ სჭირდება არანაირი შეფერვა“, — განმარტავს ივანე გოგლიძე.
მისი თქმით, ეს „ან ლაბორატორიის შეცდომაა, ან პროვოკაცია“.
„კულას“ დირექტორი აცხადებს, რომ მათი პროდუქციის ექსპორტი 25 ქვეყანაში ხორციელდება და ყველგან მოწმდება.
„დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნული ქვეყნები ამ პროდუქტის თავიანთ ბაზრებზე რეზლიზაციის უფლებას არ მოგვცემდნენ,“ — განაცხადა ივანე გოგლიძემ.
აღსანიშნავია, რომ momxmarebeli.ge−ს კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ აქვთ სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების კვლევაზე ლიცენზია, ამიტომ ამიტომ ორგანიზაციამ ნიმუშები საზღვარგარეთ, კერძოდ გერმანიაში გაგზავნა. ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტი ქართველ მომხმარებლებს“.