ბათუმში ფალსიფიცირებულ PERSIL-სა და ARIEL-ს ამზადებენ - დაკავებულია ორი პირი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმში სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რას ვჭამთ: როგორ ამოვიცნოთ ფალსიფიცირებული პროდუქტები

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ - ერთი კომპანიის ხელმძღვანელი და მისი თანამშრომელი, ბათუმში კუსტარულად მოწყობილ საამქროში იაფფასიან სარეცხ ფხვნილებს აფასოებდნენ და მის რეალიზაციას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების - „პერსილის" და „არიელის" სამარკო ნიშნით ახდენდნენ.

ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული დიდი ოდენობით მზა პროდუქცია, ასევე, მის დასამზადებლად საჭირო ნედლეული და პოლიგრაფიული მასალა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.