ალექსანდრე ზაზარაშვილი „ევროვიზიაზე" უკრაინის სახელით წარდგება?

დიდი ალბათობაა იმის, რომ საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის სცენაზე ერთდროულად ორი ქართველი წარდგეს
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. უკრაინული მუსიკალური ტელეპროექტ Голос. Дети-ის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი საბავშვო „ევროვიზია 2019"-ის შესარჩევ ტურში უკრაინის სახელით მიიღებს მონაწილეობას.

აღნიშნულ ტურში სულ ათი მომღერალი მიიღებს მონაწილეობას. ალექსანდრე უკრაინულ ენაზე MOIA MA-ს შეასრულებს.

საბავშვო კონკურსი პოლონეთის ქალაქ გლივიცეში 24 ნოემბერს გაიმართება. ამ დროისთვის შოუში მონაწილეობაზე თანხმობა 18-მა ქვეყანამ განაცხადა.

ამ დღეებში 12 წლის მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა გაიმარჯვა პროექტში „მუსიკალური გალერეა - გზა კარნეგი-ჰოლისკენ", რომლის ავტორიც დავით ღვინიანიძე და ფონდი „მსოფლიოს ტალანტები" გახლავთ.

უკრაინული ტელეშოუს ფინალში, სადაც ალექსანდრე ქართველ რობერტინო ლორეტად შერაცხეს, ნორჩმა ქართველმა ნინო ქათამაძის კომპოზიცია „ქუჩაში ერთხელ" შეასრულა და ფურორი მოახდინა.