თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სააპელაციო საჩივარი არ მიიღო, ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სასამართლოს ინფორმაციით, სარჩელი გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო იცნო დაუშვებლად.
მანამდე პროკურატურამ ნიკა გვარამიას „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“ დასდო ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, ტელეკომპანიის გენდირექტორმა გვარამიამ არ მოითხოვა დაახლოებით 6,8 მილიონი ლარი კომპანია „ინტერ მედია პლუსისგან“, რომელთანაც რეკლამის განთავსების უფლების გადაცემაზე ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით გვარამიას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მიმართა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს და დამატებითი შეზღუდვის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.
„სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ შეამოწმა საჩივრის შესაბამისობა დასაშვებობისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით დაადგინა, რომ... მისი სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207- ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 48 საათიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 13 აგვისტოს 01 საათსა 30 წუთზე“, — ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.
სააპელაციო სასამართლო აკონკრეტებს, რომ ადვოკატ საძაგლიშვილის მიერ საჩივარი შეტანილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 48 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ, 16 საათის დაგვიანებით.
შეგახსენებთ: ნიკა გვარამიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 220-ე მუხლით, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 ათას ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვდა. დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშე დატოვებას ითხოვდა. „რუსთავი 2“–ის ექს–დირექტორმა გირაო 30 დღის განმავლობაშ უნდა გადაიხადოს.