თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს რკინიგზამ დამატებითი მატარებელი დანიშნა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების, ვახტანგ და ჯანსუღ კახიძეების კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის, ნათქვამია უწყების ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კონცერტი 17 აგვისტოსაა დანიშნული შეკვეთილის Black Sea Arena-ზე.
„ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena-ს“ ბაქანზე გაჩერდება“, — იუწყება საქართველოს რკინიგზა.
მატარებელი თბილისიდან 12:40 საათზე გავა და Black Sea Arena-ს სადგურზე (რომელიც საკონცერტო დარბაზიდან ფეხით ათიოდე წუთის სავალზეა) 17:25 საათზე გაჩერდება. ბათუმში მატარებელი 18:23 საათზე იქნება.
სპეციალური რეისის მატარებელი ბათუმიდან უკან 23:50 საათზე დაიძვრება და Black Sea Arena-ს ბაქანზე 0:38 საათზე გაჩერდება, თბილისში კი დილის 5:15 საათზე ჩამოვა.
ამასთან, 17 და 18 აგვისტოს თბილისიდან ბათუმისკენ მიმავალი ყველა მატარებელი ასევე გაჩერდება Black Sea Arena-ს ბაქანზე.
კომპოზიტორ კახიძეების კონცერტის პირველ განყოფილებაში ჯანსუღ კახიძის ჰიტები შესრულდება, მეორეში კი ვახტანგ კახიძის კინო- და სათეატრო მუსიკა, ასევე მაესტროს ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები.
საკონცერტო დარბაზის სცენაზე გამოვლენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „რუსთავი“ და თავად ვახტანგ კახიძე. მათ გარდა მაყურებელი მოუსმენს ნატო კახიძეს, ნეკა სებისკვერაძეს, მაკა ზამბახიძეს, გიორგი სუხიტაშვილსა და გოგა მესხს.