„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პროგრამაზე მუშაობა დაიწყო

თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობს მშვიდ და საქმიან პოლიტიკას, დაბალანსებულ პოლიტიკურ სისტემას და უფრო მეტ შედეგზე ორიენტირებულს.
Sputnik

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ უკვე მუშაობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პროგრამაზე, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. 

თალაკვაძე: შემოდგომაზე ცნობილი გახდება, როგორ დაკომპლექტდება საპარლამენტო გუნდი

მისი თქმით, პოლიტიკური პროგრამა იქნება ინოვაციური და დადებით დღის წესრიგზე აგებული.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება უკვე ცნობილია, ეს იქნება განათლების სისტემაში უპრეცედენტო ინვესტიცია, ინფრასტრუქტურული განახლება რეგიონებში, კიდევ არის რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტი და ჩვენ საზოგადოებას ჩავაყენებთ საქმის კურსში“, — განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობს მშვიდ და საქმიან პოლიტიკას, დაბალანსებულ პოლიტიკურ სისტემას და უფრო მეტ შედეგზე ორიენტირებულს.

„რაც შეეხება მომდევნო საპარლამენტო კონფიგურაციას, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, „ქართულ ოცნებას“ გვაქვს კოალიციური მართვის გამოცდილებაც, გვაქვს მყარი უმრავლესობით მართვის გამოცდილებაც, პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების და მოქალაქეების არჩევანს, როგორიც არ უნდა იყოს ის. ბუნებრივია, ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, — აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, მისი თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი რაიმე სახის კოალიციურ გაერთიანებაზე.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება. მმართველმა პარტიამ უკვე შეიმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, როგორც ამას ოპოზიციაც მოითხოვდა, ქვეყანა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადავა.