მამუკა ბახტაძემ მუსლიმ მოსახლეობას ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

მუსლიმები ყურბან-ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ
Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მორწმუნეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ყურბან-ბაირამი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსლიმანური დღესასწაულია.

მამუკა ბახტაძე თბილისში, ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდა.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, მორწმუნეებს მივულოცო ყურბან-ბაირამი. იმედის, სიყვარულისა და გაჭირვებულთა დახმარების დღესასწაულია. საქართველოს სიმდიდრე მის მრავალფეროვნებაშია. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ერთად აშენებდნენ ჩვენს საერთო სამშობლოს. ჩვენი ვალდებულებაა, ეს ტრადიციები გადავცეთ მომავალ თაობებს. გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას ერთიან და ძლიერ საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მუსლიმური სამყარო ურაზა-ბაირამს აღნიშნავს – ფოტოების ნაკრები სხვადასხვა ქვეყნებიდან

ყურბან-ბაირამის აღნიშვნა ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ მუჰამედის დროს დაიწყეს. ყურბან–ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და სათავეს წინასწარმეტყველ იბრაჰიმის (იგივე აბრაამი) მიერ მსხვერპლშეწირვის ისტორიიდან იღებს, რაც სამივე მონოთეისტური რელიგიის — ისლამის, ქრისტიანობისა და იუდაიზმის წმიდა წერილებშია აღწერილი. უფალმა წინასწარმეტყველს, მისი რწმენის გამოსაცდელად, შვილის მსხვერპლად შეწირვა უბრძანა. როდესაც უზენაესი მის სიმტკიცეში დარწმუნდა, ბიჭის გათავისუფლება და მის მაგივრად ცხვრის დაკვლის ნება დართო.

ისლამური ტრადიციის თანახმად, დღესასწაულის აღსანიშნავად თითოეულმა მუსლიმმა მსხვერპლად ცხვარი, ძროხა ან სხვა პირუტყვი უნდა შესწიროს. ამავე დღეს ტარდება „ჰაჯობის რიტუალი", ანუ მოლოცვა მექაში, სადაც უამრავი მუსლიმი იკრიბება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ეს რიტუალი ყველა მუსლიმმა უნდა ჩაატაროს ცხოვრებაში ერთხელ მაინც.

მუსლიმები ყურბან-ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ.