ტურისტის გადასარჩენად ახმეტაში სამაშველო ოპერაცია ჩატარდა - ვიდეო

სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომლითაც დაშავებული ტურისტი თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში გადმოიყვანეს
Sputnik

თბილისი, 10 აგვისტო − Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმელაურთადან მაშველებმა დაშავებული ტურისტი ჩამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა ინფორმაცია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმელაურთაში იყო დაშავებული ტურისტი, რომელსაც ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ირანის მოქალაქეა.

მაშველებმა დაშავებული ტურისტი მთიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფთან დროულად ჩაიყვანეს.

მედიკოსების განმარტებით, 30 წლის ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა  მძიმე იყო, ამიტომ სახმელეთო ტრანსპორტირება საფრთხეს შეუქმნიდა მის სიცოცხლეს.

ტრავმების სიმძიმის, რთული რელიეფის და დიდი მანძილის გამო, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომლის საშუალებითაც დაშავებული ტურისტი თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში გადმოიყვანეს, სადაც მას შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახმეტის მუნიციპალიტეტის სამაშველო ჯგუფი, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.