კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები საჭირო რაოდენობით, საჭირო დროს.
დღევანდელ სტატიაში ვეცდებით, დავამსხვრიოთ მითი გლუტენის შემცველ პროდუქტებზე და გავიგოთ, მართლა საზიანოა თუ არა მარცვლეულის შემცველი დიეტა.
რა არის გლუტენი? გლუტენი (ანუ წებოვანა) არის მცენარეული წარმოშობის ცილა, რომელიც შედის სხვადასხვა მარცვლეული კულტურის ქერქში. ასეთებია: ხორბალი, ჭვავი, ქერი. გლუტენი ფქვილის ცხობად თვისებას განაპირობებს: ის ცომს აფუებს და ელასტიურს ხდის. იგი შედის პურის, ფუნთუშას, ლავაშის, ორცხობლას, კექსის, მაკარონის, ტორტის, და სხვა საკვები პროდუქტებისა თუ კერძების შემადგენლობაში. რაც უფრო მეტია გლუტენის შემცველობა ბურღულში, მით უფრო ელასტიური და მკვრივი იქნება ცომი.
დღესდღეობით მოდურია, გვჯეროდეს, რომ პროდუქტები, რომლებიც გლუტენს შეიცავს, საზიანოა. ეს შეიძლება მართლაც ასე იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ცელიაკიით არიან დაავადებულები. ცელიაკია არის დაავადება, რომელიც გლუტენის აუტანლობას ნიშნავს. ამ სნეულებით დაავადებულების იმუნური სისტემა ამოიცნობს ამ ცილას, როგორც უცხო სხეულს და უტევს მას ყველა შესაძლო მეთოდით, ამ დროს ზიანდება სწორი ნაწლავი, ტვინი, გული, სახსრები და სხვა ორგანოები. ცელიაკიის დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია სისხლის ტესტირების გზით.
თუ არ არსებობს სამედიცინო მიზეზი, რომ დავიცვათ დიეტა გლუტენის გარეშე, სამეცნიერო კვლევები არ თვლის საჭიროდ დიეტიდან გლუტენის გამორიცხვას, რადგან ის სულაც არ უწყობს ხელს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. პირიქით, გამოკვლევა აჩვენებს, რომ თუ ჩვენი დიეტიდან მთელ მარცვლეულს გამოვრიცხავთ, ჩვენ ვზრდით გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა რისკს.
დაიმახსოვრეთ, ზოგიერთი საკვები, რომელშიც შედის გლუტენის შემცველ პროდუქტები (ხორბალი, ქერი, ჭვავი), შეიძლება იყოს არაჯანსაღი, მაგალითად, ნამცხვრები, ღვეზელები, ბისკვიტები და მაკარონი. ზუსტად ამის გამო მოიპოვა გლუტენმა ასეთი ცუდი რეპუტაცია.
ამის მიუხედავად, მეცნიერები მაინც გირჩევენ: თუ ჯანმრთელები ხართ, გლუტენის შიში არ უნდა გქონდეთ.