დიდი რეფორმები სკოლებში: სექტემბრიდან ახალი საგანი შემოდის

ახალი საგნის ფარგლებში მეშვიდე კლასის მოსწავლეები გაეცნობიან ქვეყნის სამართლებრივ ჩარჩოებს, ევროპულ მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებს და სხვა საკითხებს.
Sputnik

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. სამოქალაქო განათლების სწავლების კუთხით დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში ახალი სასწავლო წლიდან მეშვიდე კლასში ახალი საგანი „მოქალაქეობა" დაემატება, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, საგანი არამარტო „ახალი სკოლის მოდელის" პროექტში ჩართულ სასწავლო დაწესებულებებში შევა, არამედ ყველა სკოლაში.

სრულფასოვანი კომპიუტერები ნეტბუქების ნაცვლად: რა სიახლეები ელოდებათ პირველკლასელებს

საქართველოს განათლების სამინისტრო ქვეყანაში „ახალი სკოლის მოდელს" ნერგავს, რომელიც ითვალისწინებს ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, რომელიც თითოეულ მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობას მისცემს და უზრუნველყოფს მას ისეთი ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საჭიროა XXI საუკუნეში. დიდი დრო დაეთმობა შემოქმედებას და არა ბიუროკრატიას.

„სამოქალაქო განათლების სწავლების კუთხით დაგეგმილია არაერთი ცვლილება, მათ შორის ის, რომ წელს უკვე მე-7 კლასში შევა ახალი საგანი მოქალაქეობა. ამჟამად მიმდინარეობს სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი... ეს არის მნიშვნელოვანი იმ ფონზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სკოლის გაძლიერებაზე და მოსწავლის ღირებულებითი ნაწილის განვითარებაზე", – განაცხადა აბულაძემ.

მისი განმარტებით, ახალი საგნის ფარგლებში მეშვიდე კლასის მოსწავლეები გაეცნობიან ქვეყნის სამართლებრივ ჩარჩოებს, ევროპულ მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებს და სხვა საკითხებს, ასევე საგანი ხელს შეუწყობს მოზარდ თაობაში ძალადობის და აგრესიული დამოკიდებულების აღმოფხრვას.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი საგნის ფარგლებში მოსწავლეები ხუთ თემას გაივლიან. ესენია: თემი, რომელშიც ვცხოვრობთ; სასკოლო გარემო/სასკოლო საზოგადოება; ჯანსაღი ცხოვრება, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ეკონომიკური ურთიერთობები თემში.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს, რეფორმები ოთხ წელიწადს გაგრძელდება და გამიზნულია იმაზე, რომ საქართველო იქცეს საგანმანათლებლო ცენტრად და რეგიონის ლიდერად