საექსპორტო ქართულმა ღვინომ მკაცრი კონტროლი გაიარა

კონტროლის დროს შემოწმდა პროდუქციის 100 ნიმუში, ყველა მათგანი დადგენილ ნორმას შეესაბამებოდა
Sputnik

 

თბილისი, 8 აგვისტო  — Sputnik. ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ივლისში ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებში 20 საინსპექციო კონტროლი განახორციელა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ადრე „როსპოტრებნადზორმა“ გაავრცელა ინფორმაცია საქართველოდან რუსეთში შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის კონტროლის გამკაცრების შესახებ. უწყების ცნობით,  2014 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, მოთხოვნების შეუსაბამობა საქართველოში ნაწარმოებ პროდუქციაში 2,9–ჯერ გაიზარდა და 2018 წელს 203 ათასი ლიტრი შეადგინა. 

მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება

ინსპექტირებისას აღებული საექსპორტო 100 ნიმუშიდან ყველა შეესაბამებოდა ლაბორატორიის ოქმში მოცემული ღვინოების ფიზიკო–ქიმიურ მახასიათებლებს და შედეგად, ყველა მათგანს თანხმობა ეთქვა სერტიფიკატის გაცემაზე.

მიმდინარე წლის შვიდ თვეში მსოფლიოს 47 ქვეყანაში საქართველოდან დაახლოებით 47,2 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა, რაც 4%–ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ყველაზე მეტი ქართული ღვინო გადის რუსეთში. 2019 წლის იანვარ–ივლისის პერიოდში ამ ქვეყანაში 29 მლნ ბოთლზე მეტი შევიდა. ლიდერი–ქვეყნების ხუთეულშია ასევე უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 114,2 მლნ დოლარს აჭარბებს, რაც 6%–ით მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

საექსპორტო ქართულმა ღვინომ მკაცრი კონტროლი გაიარა