ქვიშხეთში გაფიცულმა მშენებლებმა სამსახური დატოვეს

გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებმა და კომპანიის წარმომადგენლებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ქვიშხეთში აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულმა ყველა გაფიცულმა თანამშრომელმა სამსახური დატოვა, იუწყება „Sputnik საქართველო" შემთხვევის ადგილიდან.

70-მდე დასაქმებულმა აღნიშნულ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჩინური კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" წარმომადგენლებსა და მათ შორის გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

გაფიცვა გრძელდება: ქვიშხეთში ჩინური კომპანიის ათამდე თანამშრომელი გვირაბში ჩაკეტეს

მშენებლები მესამე დღეა გაფიცულები არიან. მათი ძირითადი მოთხოვნა - ხელფასების 10 ლარით გაზრდა, კონტრაქტების მოწესრიგება, შვებულებებით დროულად უზრუნველყოფა და კომპანიის მხრიდან შრომის კოდექსის პრინციპების დაცვაა. დღეისთვის მუშის ერთი სამუშაო დღის ანაზღაურება 20 ლარია. დღეს, დილით, მათ გვირაბში შესასვლელი ჩაკეტეს და სამუშაო პროცესი მთლიანად შეაჩერეს.

გაფიცულთა ინტერესებს „რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" წევრები წარმოადგენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მუშები აღნიშნული ორგანიზაციის წევრები არ არიან, მასთან პროფკავშირებს მიმართეს დახმარებისთვის. მხარეებმა კონსესუსს გუშინაც ვერ მიაღწიეს.

მანამდე ჩინურმა კომპანიამ შვებულებებთან და განაცდური დღეების ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა.

ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას, რომლის საერთო სიგრძე 40 კილომეტრია, აწარმოებს კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო". გზის მშენებლობა 2010 წლიდან მიმდინარეობს. "საქართველოს რკინიგზასთან" დადებული ხელშეკრულების თანახმად, ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთი კომპანიამ 2019 წელში უნდა ჩააბაროს - უნდა აშენდეს ექვსი გვირაბი, რომელთა ნაწილიც უკვე დასრულებულია.