ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალის ტურნირი წარმატებით დაიწყო

პირველ წრეზე ქართველმა სპორტსმენმა სერბი მოწინააღმდეგე დაამარცხა
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მე-16 ნომერი АТР-ს რეიტინგით) მონრეალის „მასტერსის" ტურნირზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.

პირველ წრეზე ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ტურნირზე მე-13 ნომრითაა განთესილი, სერბი დუშან ლაიოვიჩი (28) სამ სეტში 3:6, 6:4, 6:4 დაამარცხა. მატჩი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის ფინალში რუს ჩოგბურთელს მოუგო

პირველი პარტია ბასილაშვილმა საკმაოდ სუსტად ჩაატარა, ორჯერ დათმო თავისი ჩაწოდება - მეორე და მეცხრე გეიმში.

მეორე სეტში ორივე სპორტსმენმა არაერთი შეცდომა დაუშვა. მთლიანობაში ბასილაშვილმა და ლაიოვიჩმა შვიდი ბრეიკი გააკეთეს. ოდნავ იღბლიანი აღმოჩნდა ბასილაშვილი, რომელმაც მოწინააღმდეგის ჩაწოდება ოთხჯერ მოიგერია.

გადამწყვეტ პარტიაში თამაში არანაკლებ უცნაური აღმოჩნდა. ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებებში არადამაჯერებლად მოქმედებდნენ და ხუთი ბრეიკი გააკეთეს, მათ შორის, სამი ბასილაშვილმა. შედეგად, ქართველმა სპორტსმენმა მოიგო სეტი 6:4 და მასთან ერთად ტურნირის პირველი მატჩი.

მეორე წრეზე გასვლით ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 37 ათასი დოლარის მოპოვება შეძლო.

ბასილაშვილის შემდეგი მოწინააღმდეგე გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი (35) იქნება, რომელმაც პირველ რაუნდში ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა ორ სეტში 6:2, 6:2 დაამარცხა.

მონრეალში „მასტერსის" ტურნირი 8 აგვისტომდე გაგრძელდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 5 მლნ 700 ათასი დოლარია, მოქმედი გამარჯვებული კი ესპანელი რაფაელ ნადალი.