მამუკა ბახტაძე: წელს ტურიზმის სექტორში ზრდა არ მოხდება

საქართველოს ტურისტული სექტორი განვითარებას განაგრძობს, დარწმუნებული პრემიერი
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პროგნოზებით, საქართველოში წელს ტურიზმის დონე არ გაიზრდება და 2018 წლის მაჩვენებლების დონეზე დარჩება.

მიმდინარე წლის ივლისში უცხოელებმა 1 მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელეს - ეს თითქმის 5,8%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ივლისში. ამასთან რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობა 6,4%-ით შემცირდა და 159 ათას გაუტოლდა.

საქართველოს ტურისტულ სფეროში რეკორდი ვერ დამყარდა - სტატისტიკური მონაცემები >>

„ტურიზმის მაჩვენებლებმა გვაჩვენა, რომ ტურისტების რაოდენობა წელს ფაქტობრივად იგივეა, რაც იყო შარშან, მაშინ, როდესაც არსებობდა მოლოდინი ეკონომიკაში, ბიზნესში, რომ ისეთი სწრაფი ტემპებით  გავზრდიდით ტურისტების რაოდენობას, როგორც დაგეგმილი იყო. ამის ფონზე ჩვენ მივიღეთ ის, რომ არათუ 40 პროცენტიანი ზრდა არ გვაქვს, არამედ სამწუხაროდ გავედით თითქმის იმავე შედეგზე, რომელიც გვქონდა შარშან“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ტურისტული სექტორი განვითარებას განაგრძობს.

ქვრივიშვილი: რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აქვთ

„დარწმუნებული ვარ, დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორს განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც მას ჰქონდა ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად“, - განაცხადა ბახტაძე.

საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლისა და აქედან გამომდინარე, საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოში პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. საქართველოს ხელისუფლების ვარაუდით, რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო ზარალმა შეიძლება 750 მლნ დოლარს მიაღწიოს.

საქართველოში ტურიზმის სფერო წლიდან წლამდე ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახება. ყოველ წელს იხსნება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტებში ხარისხი მოწმდება, მომსახურე პერსონალისა და გიდების გადამზადება ხდება.