გაიზრდება თუ არა ფასები ბენზინზე

საქართველოში საწვავზე ფასი დამოკიდებულია ლარის კურსსა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე არსებულ ფასზე.
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ეროვნული ბანკის ინტერვენციების შემდეგ საწვავზე ფასის გაზრდის აუცილებლობა არ არის, დარწმუნებული ვარ, ლარი კიდევ უფრო გამყარდება, განაცხადა Wissol Group-ის თავმჯდომარე სოსო ფხაკაძემ.

ლარის ახალი ანტირეკორდი - საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერვენციას იწყებს

20 ივნისიდან ლარის კურსი დოლარის მიმართ 6,6%-ით დაეცა. თუ 20 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 2,7871 ლარი იყო, 1 აგვისტოსთვის მან უკვე ახალ ანტირეკორდულ მაჩვენებელს – 2,9718-ს მიაღწია. ამ დღეს ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 32 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა, რის შედეგადაც ლარი 1,4%-ით გამყარდა.

„როცა ეკონომიკური სუბიექტები არ იყვნენ დარწმუნებული, რომ ეროვნული ბანკი ჩაერეოდა ბაზარზე და ჩვენ არ ვიცოდით მოლოდინები, რა ნიშნულამდე შეეძლო ლარს მიეღწია. ასეთ ვითარებაში ყველა იძულებული იქნებოდა გაეზარდა ფასი... ინტერვენციების შემდეგ საწვავზე ფასის გაზრდის აუცილებლობა არ არის", - განაცხადა ფხაკაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

მან იმედი გამთქვა, რომ ლარი კიდევ უფრო გამყარდება.

„თუ ლარი მნიშვნელოვნად გამყარდება, ფასები, შესაძლოა, შემცირდეს. სამწუხაროდ, წინასწარ ვერ ვიტყვით, რა იქნება წონასწორობის ნიშნული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლარი განაგრძობს გამყარებას და ამ ფონზე ფასების მომატება არ იქნება აუცილებელი", – განაცხადა ფხაკაძემ.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ საწვავზე ფასების კლება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე - ლარის კურსსა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე არსებულ ფასზე.

2019 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6%-ით შემცირდა და 404,2 ათასი ტონა შეადგინა. ბენზინი 215,4 ათასი ტონა შემოიტანეს, დიზელის საწვავი - 188,8 ათასი ტონა.

საქართველოში საწვავის შემოტანის მოცულობით რუსეთი ლიდერობს. სამეულს შორისაა რუმინეთი და აზერბაიჯანი.