საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია კონკურენციის სააგენტოს პასუხობს

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გაკეთებული განცხადებების გამო რამდენიმე კომპანიისგან, მათ შორის საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისგან განმარტება მოითხოვა
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია კონკურენციის სააგენტოს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მზად არის აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა მოხდეს ჭეშმარიტების დადგენა, ნათქვამია ასოციაციის Facebook-გვერდზე.

„ფასები გაიზრდება“ - კონკურენციის სააგენტო ზოგიერთი კომპანიის განცხადებით დაინტერესდა >>

საქართველოს კონკურენციის სააგენტო დაინტერესდა რამდენიმე ასოციაციის, სადისტრიბუციო კომპანიის და მწარმოებელი კომპანიის განცხადებით ფასების შესაძლო მომატების შესახებ. განცხადება ბოლოდროინდელი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გაკეთდა.  საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ინფორმაციის მოწოდება და, ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი განმარტება მოითხოვა რამდენიმე კომპანიისგან, მათ შორის საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისგანაც.

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მიესალმება ყოველგვარ აქტიურობას კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ჭეშმარიტების დასადგენად, იქნება ეს მონიტორინგი თუ კვლევა და მზადყოფნას გამოთქვამს აქტიური თანამშრომლობის", - ასოციაციის განცხადებაში.

ლარის ახალი ანტირეკორდი - საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერვენციას იწყებს

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ქვეყანაში ფასების შესაძლო ზრდის შესახებ გაკეთებულ განცხადებებში კომპანიების აკრძალული კოორდინაციის რისკები დაინახა.

20 ივნისიდან ლარის კურსი დოლარის მიმართ 6,6%-ით დაეცა. თუ 20 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 2,7871 ლარი იყო, 1 აგვისტოსთვის მან უკვე ახალ ანტირეკორდულ მაჩვენებელს – 2,9718-ს მიაღწია. ამ დღეს ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 32 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა, რის შედეგადაც ლარი 1,4%-ით გამყარდა.

კანონი „კონკურენციის შესახებ“ კრძალავს ეკონომიკურ აგენტებს შორის ისეთი შეთანხმების დადებას, რომლის მიზანია ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა.