შუამთობამ დაპირისპირების ფონზე ჩაიარა

აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც მამუკა ბახტაძემ კურორტი ბეშუმი დატოვა.
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. აჭარაში, ბეშუმში, სახალხო დღესასწაულ „შუამთობის“ ოფიციალური ღონისძიების პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სახალხო დღესასწაული შაბათს დაიწყო. მთავარი ღონისძიება კი დღეს 12:00 საათზე გაიმართა.

ტერიტორიაზე გაშლილი იყო ბანერი წარწერით „გახარია, წადი“. აქციის მონაწილეებს ეცვათ მაისურები იგივე წარწერით.

ბეშუმში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც. პრემიერ-მინისტრს სიტყვით გამოსვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე მოუწია.

მას შემდეგ კი, რაც პრემიერმა კონცერტიდან სპორტულ ღონისძიებებზე გადაინაცვლა, აქციის მონაწილეები მისკენ დაიძრნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს, რასაც მცირედი დაპირისპირება მოჰყვა.

„ჩვენ ვცდილობდით მამუკა ბახტაძესთან მიახლოებას და იმის თქმა, რომ გიორგი გახარია უნდა წავიდეს, თუმცა სრულიად უკანონოდ პოლიციამ გადაადგილების საშუალება არ მოგვცა“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხელვაჩაურის საკრებულოდან მიშა ბოლქვაძე.

დღესასწაულზე მყოფი მოსახლეობის ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას უკმაყოფილო შეხვდა.

„თქვენ მოაწყვეთ სამარცხვინო ამბავი და ჩრდილი მიაყენეთ ჩვენ სტუმართმოყვარეობას“, – მიმართა აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქალბატონმა.

აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც მამუკა ბახტაძემ კურორტი ბეშუმი დატოვა.

ბეშუმიდან წასვლამდე ბახტაძემ ისაუბრა კურორტზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიკაციის მეორე ეტაპის განხორციელებას, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ხულო-ზარზმის გზის სარემონტო სამუშაოების პროექტზე. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება დაჩქარდება.

ბახტაძის თქმით, არსებობს ყველა პირობა იმისათვის, რომ ბეშუმი იქცეს კურორტად, რომელიც ოთხი სეზონის განმავლობაში იფუნქციონირებს.