უბედური შემთხვევა შეკვეთილში: მშენებლობაზე მძღოლი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

მამაკაცი ცემენტმზიდზე მძღოლად მუშაობდა
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. შეკვეთილში დენის დარტყმის შედეგად სახლის მშენებლობაზე მამაკაცი დაიღუპა, იუწყება პირველი არხი.

შეკვეთილში სასტუმროს მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა

მამაკაცი ცემენტმზიდზე მძღოლად მუშაობდა. თვითმხილველების განცხადებით, ცემენტმზიდი ავტომანქანის ე.წ. პომპა სიმაღლეში გაშლისას ელექტროსადენს გამოედო და მაღალი ძაბვის გამო, ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ცემენტმზიდის კაბინაში იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს სამუშაო ადგილებზე 39 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 37-მა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.