ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

ქვედანაყოფი როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა შეცვალა.
Sputnik

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ავღანეთში ქართველი სამხედროების როტაცია განხორციელდა

ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კიკნაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დახვდნენ.

მათ სამხედრო მოსამსახურეებს სამშვიდობო მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს, მხარდაჭერა აღუთქვეს და წარმატებები უსურვეს.

I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას შვიდი თვის განმავლობაში ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა "მარმალზე“ ასრულებდა გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში.

ქართული ასეული ოპერაციის რაიონის კონტროლისა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულებაზე იყო პასუხისმგებელი.

ქვედანაყოფი როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა შეცვალა.

ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 000 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაციის გაწევა შედის.