ქართველი პიანისტი საფრანგეთში Yamaha-ს მიწვევით წარდგება

ახალგაზრდა პიანისტი ქალი ფესტივალზე მსოფლიო დონის მუსიკოსებთან ერთად დაუკრავს.
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ქართველი პიანისტი ანა ყიფიანი 7 აგვისტოს საფრანგეთში მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური პლატფორმა Yamaha-ს მიწვევით დაუკრავს.

ქართველმა პიანისტმა კანადაში 100 ათასი დოლარი მოიგო >>

ქართულ საინფორმაციო საშუალებებს ანა ყიფიანმა აცნობა, რომ ქალაქ მენტონში მუსიკალურ ფესტივალზე წარდგება.

„ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფესტივალია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიო მასშტაბის ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ჩინელი პიანისტი იუჯა ვანგი, რუსი პიანისტი ბორის ბერეზოვსკი, ფრანგი მევიოლინე რენო კაპიუსონი და სხვ. რა თქმა უნდა, ჩემი წარდგენა კომპანია Yamaha-ს სახელით ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა მან.

ამჟამად 25 წლის ანა ლონდონში ცხოვრობს და სამეფო მუსიკალურ კოლეჯში – ბრიტანეთის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლო დაწესებულებაში სწავლობს, რომელიც 1882 წელს დაარსდა. მანამდე ანამ პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა (ცნობილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის ელისო ვირსალაძის კლასი).

ქართველი პიანისტი საფრანგეთში Yamaha-ს მიწვევით წარდგება

ყიფიანი უამრავი პრემიის, გრან–პრის მფლობელია და ისეთი კონკურსების ლაურეატია, როგორიცაა ვლადიმირ კრაინევის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, „ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალი, მარია ჰერეროს პიანისტთა კონკურსი.