ნიკა გვარამია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2"-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დაიბარა.

როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნიკა გვარამიას გამოკითხვა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება.

გვარამია ახალი ტელევიზიის შექმნას გეგმავს

ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და მაგისტრი მოსამართლის თანხლებით სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა.

„როგორც დიქტატურის პირობებში მოსალოდნელიც იყო, არათუ „რუსთავი2"-ში არ შეიძლებოდა ჩემი დარჩენა და თავისუფალი და კრიტიკული სიტყვის სადარაჯოზე დგომა, იქიდან წამოსვლა და „რუსთავი2"-ის წასულში დატოვება, მაგრამ ახალი კრიტიკული ტელევიზიის გაკეთებაც არ შეიძლება. და საერთოდ, ჩემი არსებობა ამ ქვეყანაში უკვე, ზოგადად, არ შეიძლება, როგორც ჩანს", – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ქიბარ ხალვაში: დვალმა და აქიმიძემ ტელევიზიის წილების 40%-ზე უარი მითხრეს>>

გარდა ამისა, პროკურატურა „რუსთავი2"-ის კონტრაქტორ საწარმოებშიც შევიდა.

„პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2"-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია" და „ინტერ მედია პლიუსიდან" გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე", – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2"-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

რა ბერკეტი აქვს ნიკა გვარამიას და რა შემთხვევაში დატოვებს იგი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს

ასევე სისხლის სამართლის საქმეს დაერთო „რუსთავის 2"-ის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას განცხადება შესაძლო დანაშაულის თაობაზე, რამაც, სავარაუდოდ, დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პაატა სალია ტელეკომპანიაში ფინანსური აუდიტის ჩატარებას გეგმავს. მისი განცხადებით, ტელეკომპანიის ფინანსური მხარე სავალალო მდგომარეობაში დახვდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2" ახალ რეალობაში 18 ივლისიდან აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. ტელეკომპანიამ სტრასბურგს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

ვინ არის ნიკა გვარამია>>

ამის შემდეგ „რუსთავი2"-ის წილები ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა (60%) და მის კომპანია „პანორამაზე" (40%) გადაფორმდა. 18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.