ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონთან ერთად ერთ გუნდში ითამაშებს

გერმანელი ნახევარმცველი მოსკოვის „სპარტაკში" ამჟამინდელი სეზონის დასრულებამდე ითამაშებს.
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ფეხბურთში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ანდრე შურლე საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის" ნახევარმცველის ჯანო ანანიძის თანაგუნდელი გახდა.

28 წლის გერმანელი ფეხბურთელი „სპარტაკში“ ამ სეზონის დასრულებამდე იჯარის საფუძველზე ითამაშებს ტრანსფერის გამოსყიდვის შესაძლებლობით, აღნიშნულია მოსკოვური კლუბის განცხადებაში.

კარიერის განმავლობაში შურლე გამოდიოდა კლუბებში: „მაინცი", „ბაიერი", „ჩელსი", „ვოლფსბურგი", „ბორუსია". გასული სეზონი ნახევარმცველმა ლონდონის „ფულჰემში" გაატარა. გერმანიის ნაკრებში სპორტსმენმა 57 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ჯანო ანანიძეს, ქართველი ფეხბურთელი „სპარტაკში" უკვე ათი წელია გამოდის. მან ამ კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 138 მატჩი ყველა ტურნირზე, გაიტანა 16 გოლი და გააკეთა ამდენივე საგოლე გადაცემა.

ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონთან ერთად ერთ გუნდში ითამაშებს

რუსეთის პრემიერ-ლიგაში „სპარტაკი" სამი ტურის შემდეგ მე-10 ადგილზეა და აქტივში ოთხი გოლი აქვს.