რამდენი აბიტურიენტი ჩაიჭრა ზოგადი უნარების გამოცდებზე – ცნობილი გახდა შედეგები

გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები.
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი უნარების გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, სტუდენტობის შანსი წელს აბიტურიენტების 12,9%-მა დაკარგა. ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ბატიაშვილი: აბიტურიენტები აფხაზეთიდან უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან>>

ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-23 ივლისს ჩატარდა. დღეს კი, დაგეგმილზე ერთი დღით ადრე ზოგადი უნარების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა.

„დანარჩენი საგნების შედეგები შემდეგი კვირის ბოლომდე, ეტაპობრივად გამოქვეყნდება. ხოლო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება აპელაციის პროცესი", – განაცხადა გორგოძემ.

ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების გასაცნობად საჭიროა ცენტრის ვებ-გვერდზე შესვლა naec.ge და აბიტურიენტის პირადი მონაცემების – პირადობის მოწმობის ნომრისა და აბიტურიენტის საგამოცდო ნომრის შეყვანა.

ბახტაძე: საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროკავშირის წევრია

გამოცდის შედეგებთან ერთად შესაძლებელია აბიტურიენტების ნამუშევრების ნახვაც.

ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონითაც. ამისთვის საგამოცდო კოდი უნდა გაგზავნოთ ნომერზე 93333. SMS-შეტყობინება 0,5 ლარი ღირს.

მინიმალური გამსვლელი ქულა ზოგადი უნარების გამოცდის I და III ვარიანტებში იყო 22 ქულა, ხოლო II და IV ვარიანტებში – 24 ქულა.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაახლოებით 41 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

წელს აბიტურიენტებმა კვლავ ოთხი გამოცდა ჩააბარეს. აქედან სამი – ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები და უცხო ენა სავალდებულო იყო, ხოლო ერთი საგანი არჩევითი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.