თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 5-6 სექტემბერს ეწვევა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე.
„ქართულ-უნგრული ურთიერთობები განვითარების ახალ ფაზაში გადადის. ქვეყნებს შორის სულ უფრო ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები", – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
დაგეგმილი ვიზიტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პრეზიდენტის პრეს-სამსახური მოგვიანებით გაავრცელებს.
„უნგრეთი ვიშეგრადის ოთხეულის ჯგუფის წევრია, რომელშიც ასევე შედიან პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი. ოთხივე ქვეყანა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს საერთაშორისო არენაზე", – აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში.
ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფოთაშორისი კომისია.
საქართველოში ოპერირებს უნგრული ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ ფრენებს ევროპის 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.