რას ემსახურება დავით-გარეჯში დაწესებული შეზღუდვები: საგარეო უწყება განმარტებას აკეთებს

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე ერთობლივი კომისიის ექსპერტების შეხვედრა 19-23 აგვისტოს პერიოდში გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ტურისტებისა და მრევლის გადაადგილების შეზღუდვა ინციდენტების თავიდან აცილებისა და უსაფრთხოების მიზნით ხდება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

დავით-გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელ მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის კონფლიქტი 14 ივლისს მოხდა. ერთ-ერთი გიდის განცხადებით, კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ნებართვის გარეშე დაიწყეს სამონასტრო კომპლექსიდან ხატების გამოტანა. მოგვიანებით საქართველოს საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, სადაც ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმყოფებოდნენ, ადგილობრივები მივიდნენ და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც მცირე კონფლიქტი მოჰყვა.

„აღნიშნული ინციდენტის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა მოცემულ მონაკვეთზე და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა ლოჯისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა. ამის პარალელურად აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც. ამასთან, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და შემდგომი ინციდენტების თავიდან აცილებისთვის, დაწესდა დროებითი შეზღუდვა მრევლისა და ტურისტების გადაადგილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დარსალიამ.

მისი სიტყვებით, ამ ეტაპზე საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყებებს შორის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ინციდენტის სრული განმუხტვისა და ვითარების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების მიზნით.

კონფლიქტი საზღვარზე: დავით-გარეჯიდან ხატები გაიტანეს

„ამ პროცესების პარალელურად დაუშვებელია ვითარების ხელოვნურად დაძაბვა. მსგავსი ინციდენტები აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას“, – აღნიშნა დარსალიამ.

მუშაობა საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე რვაწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა – მოლაპარაკებები ბაქოში 23-24 მაისს შედგა. მხარეები შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ კომისიის ექსპერტები ჩაატარებენ სამუშაოს და საზღვრის სადავო მონაკვეთის საკითხს ადგილზე შეისწავლიან.

ექსპერტების პირველი შეხვედრა 19-23 აგვისტოს პერიოდში გაიმართება.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აპრილის ბოლოს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ სიტუაცია მაინც დაძაბული დარჩა.

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე ერთობლივი კომისიის მუშაობის აღდგენისთანავე აზერბაიჯანულმა მხარემ დავით-გარეჯისკენ მიმავალი გზის მშენებლობა დაიწყო. მოლაპარაკებების მეორე დღეს სპეცტექნიკა შეაჩერეს, მაგრამ გზა პრაქტიკულად უკვე გაყვანილი იყო.

აქცია დავით-გარეჯში და ხელისუფლების ოპტიმიზმი: აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები გრძელდება

რამდენიმე დღის შემდეგ მომხდარით აღშფოთებულმა სასულიერო პირებმა, მრევლმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კომპლექსის ტერიტორიაზე ჩაატარეს აქცია-მსვლელობა ლოზუნგით „დავით-გარეჯი – საქართველოა“. აქციის მონაწილეები დაგეგმილზე ადრე დაიშალნენ, მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოუწოდა, არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს.

საქართველოს ხელისუფლებამ, თავის მხრივ, მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ემოციური შეფასებებისგან და ორი ქვეყნის ხელისუფლებებს მოლაპარაკებების მშვიდ გარემოში ჩატარების შესაძლებლობა მისცენ.

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის ერთ-ერთ შეუთანხმებელ მონაკვეთზე მდებარეობს.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII–XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის – თამარ მეფე.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.

აზერბაიჯანელი ისტორიკოსები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას ქეშიქჩიდაღს უწოდებენ. მათი მტკიცებით, კომპლექსი ისტორიული კავკასიის ალბანეთის კუთვნილებაა.