თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში სატვირთო ლიფტი ჩავარდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიფტში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა – ხუთი მამაკაცი და ერთი ქალი. მათ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნებათ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავებულთაგან ოთხი საქართველოს მოქალაქეა, ორი კი თურქეთის.
ბათუმში ლიფტების დაზიანების შემთხვევები მიმდინარე წელს რამდენჯერმე დაფიქსირდა. 15 თებერვალს კობალაძის ქუჩაზე 23-სართულიან კორპუსში ლიფტის ბაგირი გაწყდა.
კიდევ ერთი ფაქტი 23 ივნისს დაფიქსირდა. კობალაძის 15 ნომერში სატვირთო ლიფტი ჩაწყდა და მესამე სართულიდან ჩავარდა. მასში 8 ადამიანი იმყოფებოდა.