ბათუმში მშენებარე სახლში ლიფტის ჩავარდნის ფაქტს შრომის ინსპექცია იკვლევს

აღნიშნული სამშენებლო ობიექტი აქამდე დეპარტამენტის მიერ შემოწმებული არ ყოფილა
Sputnik

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ბათუმში, მშენებარე კორპუსში დამონტაჟებული სატვირთო ლიფტის ჩავარდნის ფაქტზე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ბათუმში მშენებარე კორპუსში ლიფტი ჩავარდა – დაშავებულია ექვსი ადამიანი >>

დღეს ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში სატვირთო ლიფტი ჩავარდა, გავრცელებული ინფორმაციით, ლიფტში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა – ხუთი მამაკაცი და ერთი ქალი. მათ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნებათ.

„შეტყობინების შესვლისთანავე შრომის ინსპექციის სამუშაო ჯგუფი შემთხვევის შესასწავლად გაემართა. მიმდინარეობს მოკვლევის პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგაც დადგინდება შრომის უსაფრთხოების რა კონკრეტული ნორმები დაირღვა ობიექტზე. აღნიშნული ობიექტი აქამდე არ იყო შემოწმებული შერჩევითი კონტროლის საფუძველზე“, - განმარტავენ  ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში.

ვინ გასცა მშენებარე კორპუსში ლიფტის ჩართვის ბრძანება – საქმის ახალი დეტალები

ბათუმში ლიფტების დაზიანების შემთხვევები მიმდინარე წელს რამდენჯერმე დაფიქსირდა. 15 თებერვალს კობალაძის ქუჩაზე 23-სართულიან კორპუსში ლიფტის ბაგირი გაწყდა.

კიდევ ერთი ფაქტი 23 ივნისს დაფიქსირდა. კობალაძის 15 ნომერში სატვირთო ლიფტი ჩაწყდა და მესამე სართულიდან ჩავარდა. მასში 8 ადამიანი იმყოფებოდა. 

თბილისში კი ორი დღის წინ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სპეციალისტებმა თბილისში 24 სამშენებლო ობიექტი შეამოწმეს და თითოეულზე დარღვევები აღმოაჩინეს. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა სამშენებლო ობიექტების შემოწმება 23 ივნისს დაიწყო, ერთ-ერთ მშენებლობაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სადაც ლიფტის დემონტაჟის დროს 16 წლის მუშა დაიღუპა.