უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილი ჩამოინგრა

ჩარქსელიანების საგვარეულო კოშკი საცხოვრებლად არ გამოიყენებოდა
Sputnik

თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. უშგულის თემის სოფელ მურყმელში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ჩარქსელიანების საგვარეულო  კოშკის ნაწილი ჩამოინგრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა სვანეთში: სამუშაოები გრძელდება >>

ჩარქსელიანების საგვარეულო კოშკი დღეს ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, ჩამონგრეულია კოშკის ქონგურები და ორი სართული. ქვედა ორი სართული ჩამონგრევას გადაურჩა, შემთხვევის შედეგად არვინ დაშავებულა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებით, ჩარქსელიანების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაციის მიზნით მიმდინარე წელსვე გამოაცხადდება შესყიდვის ტენდერი.

„მიმდინარე წელსვე დავიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს, ხოლო დროისა და კლიმატური ფაქტორების გათვალისწინებით ვვარაუდობთ, რომ წელსვე მოესწრება მისი რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი“, - განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ბარამიძემ.

მესტიის მერია: მასშტაბური წყალდიდობის განმეორების საფრთხე არ არსებობს

ბარამიძის განცხადებით,  ჩარქსელიანების კოშკი სააგენტოს იდენტიფიცირებული ჰქონდა, როგორც საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კულტური მემკვიდრეობის ძეგლი და ის საცხოვრებლად არ გამოიყენებოდა.

ბარამიძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია დაახლოებით 25 საცხოვრებელი კოშკის, მაჩუბისა და ერთი საკულტო ნაგებობის სარეაბილიტაციო პროცესი, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შემდეგ კი, ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში,  მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა  იდენტიფიცირებული კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კოშკის სრულფასოვანი სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყება.