თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში გამოდის, რომ ირაკლი ოქრუაშვილი თაღლითობის მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს სჩადიოდა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში „რუსთავი2“-ის მფლობელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გახდა - სამი ინსტანციის ქართულ სასამართლოში მან დაამტკიცა, რომ 2006 წელს მას ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს და ის კანონიერ მფლობელს, ანუ მას უნდა დაუბრუნდეს.
როგორც კი ხალვაშმა ტელეკომპანია გადაიფორმა, ტელეარხზე საკუთარი უფლებების შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.
ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ხალვაში „რუსთავი2“-ის მხოლოდ ნომინალური მფლობელი იყი, სინამდვილეში კი ტელეარხი მას ეკუთვნის. ოქრუაშვილი ამას ასაბუთებს 2010 წელს ბერლინში შედგენილი დოკუმენტით, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ხალვაშმა ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.
ხალვაშის ადვოკატებმა დოკუმენტს ყალბი უწოდეს და გენერალურ პროკურატურას მიმართეს თხოვნით, ოქრუაშვილის წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება სასამართლოში ყალბი დოკუმენტების გამოყენების გამო.
„ოქრუაშვილი ამბობს, რომ ტელევიზიის გადასაფორმებლად ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გამოიყენა და ახლა ხალვაში ხელმოწერის ნიმუშს არ აბარებს. როგორც ვნახეთ, ქიბარ ხალვაში მივიდა ხელმოწერის დასატოვებლად. აქედან გამომდინარე, თუ დადასტურდა ხელმოწერის ნამდვილობა, მაშინ გამოდის, რომ ოქრუაშვილი თაღლითობის მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს სჩადიოდა, რადგან მან თქვა, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს სხვა ადამიანის გამოყენებით გარკვეული აქტივები გაიფორმა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ ხელმოწერის ნამდვილობა არ დადასტურდება, მაშინ გამოდის, რომ ოქრუაშვილი ფულს ათეთრებდა, ვინაიდან მან თქვა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაფორმალური ბერკეტებით იზიდავდა რესურსებს და ამით იყიდა ტელევიზია.
„ამიტომ ეს ადამიანი მომავალში ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი ვერ იქნება. მას ან ერთი, ან მეორე დანაშაული აქვს ჩადენილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ხელმოწერის ნიმუში 24 ივლისს დატოვა. ქიბარ ხალვაშის ხელმოწერაზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს, 2010 წლის 4 თებერვალს, ბერლინში დადებულ შეთანხმებაზე შესრულებული ხელმოწერა ეკუთვნის თუ არა ქიბარ ხალვაშს.