სარედაქციო პოლიტიკა – ნინო ლომჯარიამ  „რუსთავი 2“–ში  შეხვედრა გამართა

ნინო ლომჯარიას განცხადდებით, ის შეეცდება მედია–ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან ერთად ისეთი მექანიზმი შექმნას,  რომელიც სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების გარანტია იქნება. 
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. ამ ეტაპზე არ არსებობს სამართლებრივად გამყარებული გარანტია, რომლის მიხედვითაც, სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება, განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ში გამართული შეხვედრისას.

„რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებს პარლამენტში მოუსმენენ>>>

შეხვედრაზე, რომელსაც ტელეკომპანიის ახლადდანიშნულ გენერალური დირექტორი პაატა სალია და ჟურნალისტები ესწრებოდნენ, ტელეკომპანიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა  და ჟურნალისტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„არხის მესაკუთრემ უარყო ის ვერსია, რომელიც მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ამ არხის ჟურნალისტებმა შესთავაზეს, რომ მაინც განეხილათ ალტერნატივა, რომელიც დაიცავდა, ერთი მხრივ, ჟურნალისტებს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან, ასევე არხის ხელმძღვანელობასაც ბრალდებებისგან, რომ ისინი ერევიან სარედაქციო დამოუკიდებლობაში, ვაპირებ, ამ მიმართულებით გავაგრძელო მეც მუშაობა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც პაატა სალიამ განაცხადა, იგი მზად არის  კონკრეტულ ბერკეტებსა და გარანტიებზე სასაუბროდ, მაგრამ არა იმ ფორმით, რაც მას არხის ჟურნალისტებმა შესთავაზეს. 

შეძლებს თუ არა ოქრუაშვილი „რუსთავი 2"-ის წილების დაყადაღებას

"მე ყველანაირ ბერკეტზე შემიძლია ვისაუბრო იმ რეჟიმში, რაც  იქნება კომპანიისთვის მაქსიმალურად ეფექტური. ამ ეტაპამდე არავის არანაირი პრობლემა არ შექმნია", - განაცხადა პაატა სალიამ. 

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის პროცესში აქტიურად ჩაერთვება. მისი თქმით, მედია–ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან ერთად ეცდება შექმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების გარანტია იქნება. 

მას შემდეგ, რაც 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის სარჩელი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ტელეკომპანიის მფლობელი კვლავ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გახდა, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2" 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების დღესვე გადაიფორმა. მანამდე ბიზნესმენმა საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცა, რომ 2006 წელს მას ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს და ის კანონიერ მფლობელს, ანუ მას უნდა დაუბრუნდეს.

ტელევიზიის ახალმა მფლობელმა თავიდანვე განაცხადა, რომ არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გარდა, სამსახურიდან არავის გაათავისუფლებდა და სარედაქციო პოლიტიკასაც შეინარჩუნებდა. თუმცა, წამყვანი ჟურნალისტები და ტელეარხის სახეები ხალვაშისთვის ნდობის გამოცხადებას არ ჩქარობენ. მეტიც, ისინი განაგრძობენ ბიზნესმენის კრიტიკას და აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის ახალი მფლობელი მმართველი პარტიის დაკვეთებს ასრულებს და სწორედ გვარამია წარმოადგენდა სიტყვის თავისუფლების გარანტს.