მცხეთაში იმართება კონფერენცია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების თემაზე

პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები კონფერენციაზე მსჯელობენ, თუ როგორ უნდა გადავიდეს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები პოზიტიურ კალაპოტში.
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" მცხეთაში მართავს კონფერენციას თემაზე „პოზიტიური გადაკვეთის წერტილები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში", იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ღონისძიებიდან.

შეხვედრის მიზანია – საზოგადოებასა და ჟურნალისტებს წარუდგინონ დეტალური ინფორმაცია „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატების შეხვედრის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრებთან და ფედერაციის საბჭოს სენატორებთან. ბოლო შეხვედრა მოსკოვში 2019 წლის 15 ივლისს გაიმართა.

„პატრიოტთა ალიანსი" ბათუმში აქციას გეგმავს: რა იქნება მთავარი მოთხოვნა

პარტიის წევრებმა სურვილი გამოთქვეს, ჟურნალისტებს გაუზიარონ თავიანთი შეხედულებები ქართულ-რუსული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის პროცესთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებიან პარტიის ლიდერები დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი.

„სამწუხაროდ, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები 20 ივნისის მოვლენების შემდეგ რამდენიმე წლით, შეიძლება, ათი წლით უკან დაბრუნდა. ამაში არაფერია კარგი. ამიტომ ვფიქრობთ, როგორ განვმუხტოთ არსებული ვითარება და როგორ გადავიტანოთ ის პოზიტიურ კალაპოტში. სწორედ ამ მიზნით ვხვდებით დღეს ჟურნალისტებს", – განაცხადა თარხან-მოურავმა კონფერენციის დაწყების წინ.